მე-10 კლასი მარიამ მიროტაძე
სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლა
ანტინარკოტიკული კამპანია დევიზით ,,არა ნარკოტიკს,
ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება!“
კონკურსი ,,მივმართავ თანატოლებს“
თემა, რომელიც 21-ე საუკუნის ერთ-ერთი დიდი
პრობლემაა, რომელსაც ბევრი ახალგაზრდა შეეწირა და ეწირება, მათი რიცხვი დღითიდღე მატულობს!
"ნარკოტიკი" ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს- ძილს, გაშტერებას, სიგიჟეს, ლტოლვას. სულ
არაფერი რომ არ იცოდე და მხოლოდ ამ სიტყვის მნიშვნელობა გაიგო, ესეც კმარა! მაგრამ,
როგორც ჩანს, ასე იოლადაც არაა საქმე, რადგან ნარკომანია დღევანდელი ახალგაზრდობის დამღუპველი სენია! დღესდღეობით ეს უმძიმესი სენი მოსწავლეებსაც შეეხო, შეიძლება
ითქვას, რომ ნარკომანია, როგორც დაავადება გაახალგაზრდავდა. აკრძალულით დაინტერესება
უმთავრესად გარდატეხის ასაკში ხდება. ეს ურთულესი პერიოდი მოიცავს ადამიანის ცხოვრებას
12-13-დან 17 წლამდე. ვფიქრობ, ეს ის ასაკია,
როდესაც ბავშვი აწყდება ბევრ პრობლემებს, გამოსავალს
ხშირად ვერ პოულობს, იმაზე ემოციური ხდება, ვიდრე იყო და ცხოვრებას მუქ ფერებში უყურებს. სწორედ ამიტომ ეძებენ გამოსავალს მსგავს "საშინელებებში." ჰგონიათ, ეს დაეხმარება მათ და ,,ერთჯერადი’’ იქნება, თუმცა
ერთხელ რომ გაუგებენ გემოს, მისგან
გათავისუფლება რთულია, მოზარდი უკვე ხდება წამალდამოკიდებული!
გარდატეხის ასაკში, (12-17წ). საკუთარი თავის დამკვიდრების სურვილი იმდენად მაღალია, რომ უფროსი თაობის, პირველ
რიგში მშობლების, მიცემულ რჩევებს არ ითვალისწინებენ
და ვერ აცნობიერებენ. შესაბამისად, დედ-მამის
მიერ ,,ლექციების’’ სახით ჩატარებული ანტი-ნარკოტიკული კამპანია, პირიქით, უბიძგებს
მოზარდს აკრძალული ხილისკენ. თუ ფსიქოლოგებსა და მათ პრაქტიკას დავუჯერებთ, ზოგადად,
ადამიანის არასწორი არჩევანისგან გადასარწმუნებლად ვრცელი, თუნდაც არგუმენტირებული
ლექცია, სასურველ შედეგს არ იძლევა. ამიტომ, ნარკომანების დასახმარებლად, სასურველი
შედეგის მიღწევის მიზნით, არაფრისმომცემია შემდეგი ფრაზები: "რატომ იკლავ თავს, შვილო?!"
"ჯანმრთელობას ისპობ, გაიგე!’’
ასე რომ, ნარკომანიის, როგორც ურთულესი ფსიქოლოგიური
ფენომენისგან განსაკურნებლად, სასურველია, პასუხისმგებლობა არა ოჯახის წევრებმა აიღონ
საკუთარ თავზე, არამედ სხვა დახმარების ფორმებთან ერთად, პირველ რიგში მიმართონ ფსიქოლოგ-ანალიტიკოსს.
ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 17 ათასზე
მეტი ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელია აღრიცხული, ეს არის მძიმე რეალობა! ჩვენ სწორედ 17 ათას ადამიანს ვკარგავთ, რადგან თითქმის
ყველა ნარკომანი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს. ეს ხომ სიცოცხლედ ღირებული
"სიამოვნებაა". ნარკომანიის ბუმი, ჩემი აზრით, ორი მიზეზითაა განპირობებული- პირველი, მოსახელობის
ფართო ფენისთვის ხელმისაწვდომობა და მეორე გახლავთ ის, რომ მოზარდი ნარკოტიკის შესახებ ინფორმაციას
ქუჩაში მყოფი "განმანათლებლებისგან" იღებს, რომელებსაც ბავშვები შეცდომაში შეყავთ და ნარკოტიკით თრობის ეფექტს შთამბეჭდავად
უხატავენ. ვფიქრობ, ამ თემაზე ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია სჯობია ახალგაზრდამ სკოლაში
მიიღოს. ამისთვის მოსწავლეებს შეიძლება სალექციო კურსიც ჩაუტარდეთ. ზოგადად კი უდიდესი
მნიშვნელობა აქვს გარემოს. მრავალი მოზარდი ნარკოტიკს ინტერესის გამო იღებს – ჰყავს
ახლობელი, რომელიც “კაიფობს” და მასაც უჩნდება სურვილი, გემო გაუგოს ნარკოტიკს. რატომღაც
თითქმის ყველა დამწყებს ჰგონია, რომ ის ნარკოტიკს არ მიეჩვევა, დამოკიდებულება არ ჩამოუყალიბდება,
უბრალოდ, გასინჯავს, გაერთობა და როგორც კი მოისურვებს, გადააგდებს.
ვფიქრობ, ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ, იმ
ადამინებს, რომლებსაც შეგვიძლია ამ სენით დაავადებულთა დახმარება, უფრო მეტი მოგვეთხოვება. ჩვენი სკოლის თვითმმართველობა
ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს. ჩავატარეთ რამდენიმე ღონისძიება თემაზე: "მოწევა
და ნარკოტიკი კვლავ რჩება სიკვდილის ყველაზე დიდ მიზეზად." ვინაიდან, ეს თემა
ასეთი მტკივნეულია, ყველა მოსწავლე აქტიურად და მონდომებით ჩაერთო ჩვენ მიერ განხორციელებულ
პროექტში. ამ ღონისძიებაზე დავარიგეთ საინფორმაციო ბუკლეტები, გვქონდა ბავშვების მიერ
დახატული პლაკატები, სლაიდშოუები. თუმცა ამ პრობლემის მოგვარებისთვის ეს არ არის საკმარისი.
მომავალში კიდევ ვგეგმავთ მსგავსი ღონისძიებების
ჩატარებას. ჩვენ, თანატოლებმა, უნდა
გავაგებინოთ მათ, რომ ეს არ არის კარგი. ჩვენს
მეგობრებს, თანაკლასელებს, თანატოლებს დახმარება
სჭირდებათ, ისევე, როგორც უსინათლოს ხელის მოკიდება და გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადაყვანა,
როგორც სმენადაქვეითებულს მისთვის გასაგებ ენაზე ლაპარაკი!
იმისათვის, რომ ნარკომანიისგან ნელ-ნელა გავთავისუფლდეთ,
საჭიროა მთელი საზოგადოების მობილიზება, ჯანსაღი დამოკიდებულება ნარკომანიით დაავადებულთა
მიმართ. დაუშვებელია მათი ათვალწუნება, გარიყვა. ნარკოტიკების ყველა მომხმარებელს უნდა
ჰქონდეს გარანტია, რომ მკურნალობის შემდეგ არ გაუჭირდება სამსახურის პოვნა, არავინ
წამოაძახებს, რომ ყოფილი ნარკომანია. პირიქით, ჯოჯოხეთის გზას დამდგრები სამოთხის გზისკენ
უნდა მოვაბრუნოთ. ,,სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე
სიცოცხლე რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ!“(მეორე სჯ.30,19-20). ვფიქრობ, ამაში დიდ როლს შეასრულებს მართმადიდებელი
ეკლესია.
უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკით ვერანაირ პრობლემას
ვერ გადავჭრით, პირიქით, ის გაგვიჩენს უამრავ პრობლემას. უნდა გვესმოდეს, რომ ის სიცოცხლისათვის საშიშია!
ერთად ვებრძოლოთ ამ დაავადებას!
მივმართავ თანატოლებს:
არა ნარკოტიკს, გიყვარდეთ სიცოცხლე!
Комментариев нет:
Отправить комментарий